ჰარუკი მურაკამი უბრალო რომანებს არ წერს, ის მთელ სამყაროს ქმნის. სამყაროს, რომელიც თითქოს ნაცნობია, მაგრამ ამავდროულად უცნაური და არარეალური. „კაფკა პლაჟზე“ მისი ერთ-ერთი ყველაზე მომაჯადოებელი ნაწარმოებია, სადაც რეალობა იხრება, დრო იხლართება, ხოლო ოცნებასა და წარსულს შორის ზღვარი თვალის დახამხამებაში ქრება. ეს არ არის წიგნი, რომელსაც უბრალოდ კითხულობ, მასში იძირები, თითქოს სიზმრებში მიაბიჯებდე.
არა მგონია, გაქცევით რამე შეიცვალოს. მნიშვნელობა არა აქვს, რამსიშორეზე გაიქცევი. ვითომ, რაც უფრო შორს წახვალ, უკეთესი იქნება? მანძილი პრობლემებს ვერ მოაგვარებს.
მთავარი გმირი, კაფკა თამურა, თხუთმეტი წლის ბიჭია, რომელიც სახლიდან გარბის. მისი გაქცევის მიზეზი არა მხოლოდ თავის დაღწევაა, არამედ იმ ძვირფასი და შიშისმომგვრელი ჭეშმარიტების ძიება, რომელიც მის სულში იმალება. ეს მიწიერი კი არა, სულიერი მოგზაურობაა - ის ბიბლიოთეკებში, ტყეებში და გონების ბნელ კუთხეებში მიიკვლევს გზას. კაფკას სჯერა, რომ ბედისწერა აიძულებს, ის დაუნდობელი ბედისწერა დაატყდეს თავს, რისიც ყველაზე მეტად ეშინია. მაგრამ რაც უფრო შორს გარბის, მით უფრო უახლოვდება საკუთარ თავს.
ამავე დროს, წიგნში პარალელურად ვითარდება ნაკატას ისტორია - მოხუცის, რომელმაც ბავშვობაში უცნაური ინციდენტის შემდეგ გონებრივი შესაძლებლობები გაუუარესდა, სამაგიეროდ კი ზებუნებრივი უნარი შეიძინა: მას კატებთან ლაპარაკი შეუძლია. მისი გზა უფრო ჩუმი, აუჩქარებელი და სურრეალისტურია, მაგრამ მის და კაფკას შორის უხილავი კავშირი იბმება, ისე, რომ ალბათ არც კი იციან, ერთმანეთის გზას თუ ოდესმე გადაკვეთენ.
და როცა ქარიშხალი ჩადგება, ვერ გაიხსენებ, როგორ გადარჩი. იმასაც კი ვერ დაიჯერებ, რომ ქარიშხალი ჩადგა. მაგრამ ერთი რამ კი იქნება ცხადი. გრიგალს თავს რომ დააღწევ, ისევ ის აღარ იქნები. აი, რა არის ქარიშხლის აზრი.
მურაკამი ამ სიუჟეტში ოსტატურად იყენებს ბერძნულ ტრაგედიებს, იაპონურ ფოლკლორს, იუნგის ფსიქოლოგიასა და კლასიკურ მუსიკას. ამის შედეგი კი არის რომანი, რომელიც გონიერი ადამიანის სიზმარს ჰგავს, სავსე სიმბოლოებით, ჩუმი მინიშნებებითა და აუხსნელი სიმშვიდით. წიგნში თევზები ციდან ცვივა, აჩრდილები ადამიანების სახეს იღებენ და დრო საკუთარ თავში იხლართება, მაგრამ მთელი ამ ჯადოსნური ფენების ქვეშ ყველაზე ადამიანური გრძნობები ცოცხლობს: მარტოობა, სიყვარული, დანაშაულის გრძნობა და გაუცნობიერებელი სურვილი, რომ გავიგოთ, ვინ ვართ სინამდვილეში და ვინ შეგვიძლია გავხდეთ.
„კაფკა პლაჟზე“ არ იძლევა პირდაპირ პასუხებს. ის ჩურჩულით გვესაუბრება, მკრთალ, თითქოს სიზმრისეულ კითხვებს გვისვამს და გვიწვევს, რომ თვალდახუჭულები გავყვეთ მათ. ერთ-ერთი პერსონაჟის სიტყვებით: „ზოგჯერ ბედი ქვიშის პატარა ქარიშხალივით არის - მუდმივად იცვლის მიმართულებას”. და ხშირად, ერთადერთი გზა მისგან თავის დაღწევისთვის, სწორედ მასში შესვლაა.