ოდესმე გაგჩენიათ თუ არა სურვილი თუნდაც ერთი დღით მოხვედრილიყავით წიგნის სამყაროში? ალბათ ბევრი თქვენგანის პასუხი ამ კითხვაზე იქნება დადებითი. რეი ბრედბერის შესანიშნავი ნაწარმოები - „ბაბუაწვერას ღვინო“, სწორედაც რომ ისეთი წიგნია, რომელიც უქმნის მკითხველს განცდას, რომ მას მართლაც გაუტარებია ზაფხული ამ პატარა ქალაქში, ნამდვილად შეხვედრია წიგნის კოლორიტულ პერსონაჟებს და თავად დაუგემოვნებია შესანიშნავი ბაბუაწვერას ღვინო. როგორც წიგნის მრჩეველი, მკითხველს ხშირად ზუსტად გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში ვურჩევ მოცემული წიგნის წაკითხვას, რადგანაც ის სწორედ რომ თბილი და მზიანი დღისთვის არის შესაფერისი.
სანამ უშუალოდ წიგნზე გადავიდოდეთ, მინდა ჯერ ავტორის შესახებ გიამბოთ.
რეი დუგლას ბრედბერი, ამერიკელი მწერალი, ნოველისტი, ესეისტი, სცენარისტი და პოეტი, დაიბადა 1920 წლის 22 აგვისტოს უოკგანში, ილინოისის შტატში. მისი შემოქმედება გამორჩეულია ჟანრების მრავალფეროვნებითა და ორიგინალური სიუჟეტებით. ბრედბერი ასევე ცნობილია თავისი მოკლე ისტორიებითა და ნაშრომებით ფანტასტიკის, დეტექტივისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრებში.

მან თავისი პირველი მოთხრობის წერა 11 წლის ასაკში დაიწყო. ბავშვვობაში ბრედბერის უყვარდა საშინელებათა ჟანრის ფილმები, ასევე გატაცებული იყო ედგარ ალან პოს ნაშრომებითა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟურნალებით. მან ვერ შეძლო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გაეგრძელებინა კოლეჯში, ამიტომ სკოლის შემდგომი სამი წელი ბრედბერმა ქუჩაში გაზეთების გაყიდვაში გაატარა. 1947 წელს გამოიცა სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლის პირველი წიგნი „ბნელი კარნავალი“, სადაც შევიდა მის მიერ დაწერილი ყველა მოთხრობა. რეი ბრედბერის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევარს წარმოადგენს დისტოპიური ჟანრის ნაწარმოები – „451 ფარენჰეიტით“, მაგრამ პოპულარობა მას მოუტანა სამეცნიერო ფანტასტიკამ, სახელად „მარსის ქრონიკები“. რეი ბრედბერი გარდაიცვალა 2012 წლის 6 ივნისს 91 წლის ასაკში ლოს ანჯელესში.

თუ წაკითხული გაქვთ ბრედბერის მხოლოდ ერთი ნაწარმოები და ფიქრობთ, რომ უკვე გაქვთ შეხედულება - როგორი ავტორია ის, მისი სხვა ნაშრომების წაკითხვის შემდგომ აუცილებლად მიხვდებით, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მაგალითად, ზოგი ადამიანისთვის შეიძლება რთული დასაჯერებელი იყოს ის, რომ თუნდაც, „ბაბუაწვერას ღვინო“ და „451 ფარენჰეიტით“ ერთი და იგივე ავტორის დაწერილია. ბრედბერი ყოველთვის ოსტატურად ახერხებდა სხვადასხვა ჟანრებს შორის ვარირებას. ამასთანავე მას ჰქონდა სილამაზით გამორჩეული წერის სტილი, რომელიც მკითხველის უმეტესობას გულგრილს ვერ დატოვებს, იქნება ეს გარემოს აღწერა თუ პერსონაჟის შინაგანი სამყაროსა და ფიქრების გადმოცემა.
აქედან უკვე შეგვიძლია უშუალოდ ნაწარმოებზე გადავიდეთ. თავდაპირველად წარმოგიდგენთ წიგნის ანოტაციას:
"ბაბუაწვერას ღვინო" ეს სიტყვები ენაზე ზაფხულის გემოს ტოვებდა, თავად ღვინო კი შეყოვნებული და მოხუფული ზაფხული გახლდათ. 1928 წ-ს ზაფხული დაგლას სპოლდინგისთვის სიცოცხლის მშვენიერებისა და წარმოავლობის შეცნობის ხანად იქცა. პატარა ქალაქის ცხოვრება, მისი კეთილი თუ უცნაური ბინადრები საინტერესო წარსულით - ბიჭისათვის ბავშვური განცდებისა და ემოციების წყაროა ,რომელიც, შესაძლოა, დიდობაში აღარ განმეორდეს. დაგლასმა უკვე იცის, რომ სიცოცხლე მარადიული არ არის, რომ ერთ მშვენიერ დღესაც ბაბუა ვეღარ დააყენებს ბაბუაწვერას ღვინოს.
წიგნი, რომელიც წარმოდგენილია მაგიური რეალიზმის ჟანრში, შედგება ერთ პატარა ქალაქში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიური ამბებისაგან. მათ ჩვენ ორი პატარა, 7 და 11 წლის, ძმის თვალთახედვიდან ვეცნობით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბები სხვადასხვა პერსონაჟს ეხება, ისინი მაინც საბოლოოდ ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი. სითბოთი, სიბრძნითა და ხშირად სევდით სავსე, ამ ისტორიებს, შეუძლიათ მრავალ თემაზე დააფიქროს ადამიანი, რიგ შემთხვევებში კი შეცვალოს კიდეც მისი შეხედულება ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით. ეს ისტორიები ეხება მრავალ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა მაგალითად: ასაკი და დაბერება, სიცოცხლის მნიშვნელობა, სიყვარული, ბედნიერება, თანადგომა, დროის უწყვეტი მსვლელობა და ა.შ.
„ოდესღაც დანახული ყველა საგანი არ კვდება, უბრალოდ, შეუძლებელია უკვალოდ გაქრეს. თუკი მთელ სამყაროს გაჩხრეკ, სადმე, პირამდე სავსე მრავალუჯრიან ფიჭაში, სადაც ყვავილის მტვრისაგან მუგუზალივით მოშიშხინე ფუტკრებს სინათლის ქარვისფერი ხსენი დაუგროვებიათ, ანდა შუადღის ნემსიყლაპიას ოქრომკერდით ნაქარგი თვალების ოცდაათი ათას წახნაგში – მსოფლიოს ნებისმიერი წელიწადის ყველა ფერსა და სურათს აღმოაჩენ“.
პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ „ბაბუაწვერას ღვინო“-ს შეუძლია მკითხველს შეუქმნას ნოსტალგიის განცდა იმ ადგილისადმი, სადაც ის არასოდეს ყოფილა. განიცადოს ემოციათა დიდი სპექტრი, მოჰგვაროს მკითხველს როგორც ღიმილი, ასევე გამოიწვიოს მასში ცრემლები და სევდა. მიანიჭოს სიმშვიდის განცდა და პირიქით, ააფორიაქოს ის. წიგნს შეუძლია დაანახოს მკითხველს, თუ როგორი განსხვავებული შეიძლება იყოს სამყაროს ხედვა სხვადასხვა ადამიანის მიერ და ასევე აჩვენოს, თუ როგორი განსხვავებული შეიძლება იყოს ეს თვალთახედვა სხვადასხვა ასაკში მყოფი ერთი და იგივე ადამიანის შემთხვევაში. თუ როგორ შეიძლება ერთ ზაფხულში შეიცვალოს პიროვნება და ამავდროულად უცვლელი დარჩეს.
"I want to feel all there is to feel, he thought. Let me feel tired, now, let me feel tired. I mustn't forget, I'm alive, I know I'm alive, I mustn't forget it tonight or tomorrow or the day after that."
მიუხედავად იმისა, რომ ამ შესანიშნავი წიგნის შესახებ შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო, აქედან უკვე თავად მკითხველს მივცემ საშუალებას პირადად გაეცნოს ნაწარმოებს და ჩამოაყალიბოს საკუთარი შეხედულება მის შესახებ. იმედია „ბაბუაწვერას ღვინო“ თქვენც ისევე შეგაყვარებთ თავს და ისეთივე დადებითი ემოციებით აგავსებთ, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში იყო.