12.05.2024

რატომ უნდა წავიკითხოთ „ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი“

რატომ უნდა წავიკითხოთ „ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი“

დაიანა უინ ჯონსის შესანიშნავი ნაწარმოები - „ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი“ სწორედ ისეთი წიგნია, რომელსაც შეუძლია მკითხველის სრულიად ახალ, ამოუცნობ სამყაროში გადაყვანა. პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება ნაწარმოების დასასრულისკენ საერთოდ აღარ მოგინდეთ ამ სამყაროსთან განშორება. 

ანოტაცია:

„ინგარის სამეფოში, სადაც შვიდმილიანი ჩექმები და უჩინმაჩინის მოსასხამები არავის უკვირს, დიდი უიღბლობაა სამშვილიან ოჯახში უფროსად დაბადება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ თუკი სამივენი ბედის საძიებლად გაეშურებიან, სწორედ უფროსი იგემებს მარცხს.

სოფი თავიდანვე იყო შეგუებული ბედს და ცხოვრების მშვიდად გატარებას ქუდების სახელოსნოში აპირებდა. თუმცა მოულოდნელად უდაბნოს ალქაჯის წყრომა დაატყდა თავს და ბებრუხანად აქცია. ჯადოს ახსნის ერთადერთი იმედი ჯადოქარი ჰაულის მუდამ მოძრავ ციხე-კოშკში იმალება.“

შესაძლოა „ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკს“ იცნობდეთ ჰაიაო მიაძაკის მიერ გადაღებული ამავე სახელწოდების სრულმეტრაჟიანი ანიმეს მეშვეობით.

მიაძაკის ვერსია, რომელიც „გიბლის სტუდიამ“ 2004 წელს გამოუშვა, მთელ მსოფლიოში დღემდე სარგებლობს პოპულარობითა და სიყვარულით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ თვლით, რომ ანიმესთან გაცნობის შემდგომ ზუსტად იცით რას უნდა მოელოდეთ წიგნის წაკითხვისას და პირიქით, თქვენ ძალიან შეცდებით, რადგანაც მიუხედავად სიუჟეტის ძირითადი ნაწილის იგივეობისა, ფილმის ვერსია წიგნისაგან სრულიად განსხვავებულია. მიაძაკიმ არ გაიმეორა ავტორის მიერ შექმნილი ნაწარმოები სრულად და მან ის ახალი, თავისი საკმაოდ განსხვავებული ხედვით გაგვაცნო. მთავარ განსხვავებას კი წარმოადგენენ პერსონაჟები და საერთო ატმოსფერო.

თუ თქვენ ნანახი გაქვთ მხოლოდ 2004 წლის მიაძაკისეული ვერსია, შესაძლოა სოფისა და ჰაულს იცნობდეთ როგორც წყვილს, რომელთა სიყვარულის ისტორია უაღრესად რომანტიული და ლამაზია, სოფი ნაზი და კეთილია, ხოლო ჰაული სერიოზოული და იდუმალი.

თუ მხოლოდ წიგნის ვერსიას გაეცანით, ამ შემთხვევაში შესაძლოა ისინი თქვენ სრულიად განსხვავებული თვალით გყავდეთ დანახული. ამ ვერსიაში ნაწარმოები მხიარული, მაგიური, სახალისო და დროდადრო ცოტათი აბსურდულიც კი შეიძლება გეჩვენოთ. სოფი შედარებით ბუზღუნა და აბეზარია, ხოლო ჰაული არა იდუმალი, არამედ დრამის მოყვარული და ხანდახან ცოტა ინფანტილურია. სწორედ მათი ამ თვისებების დამსახურებით არის საინტერესო მათივე ისტორიის შესახებ კითხვა. წიგნის კითხვისას ეს პერსონაჟები იმდენად ცოცხლად აღიქმებიან, რომ მათთან განშორება ნაწარმოების დასასრულისაკენ მკითხველს შეიძლება გაუძნელდეს. პერსონაჟების თავგადასავლებისათვის თვალის დევნება წარმოუდგენლად საინტერესო და სახალისოა.

მიუხედავად ამ განსხვავებებისა, ორივე ვერსია არის იმის ღირსი, რომ მათ გაეცნოთ და თავად აირჩიოთ რომელი ისტორია უფრო მოგეწონათ პირადად თქვენ. თუ ეს შესანიშნავი ფილმი, რომელიც განთქმულია ულამაზესი ვიზუალითა და განუმეორებელი მაგიური ატმოსფეროთი მოგანიჭებთ ნოსტალგიის, სიმშვიდის განცდასა და შეგიქმნით რომანტიულ განწყობას, ასევე შესანიშნავი ჯადოსნური ატმოსფეროს მქონე წიგნი აუცილებლად აგიმაღლებთ ხასიათს და მოგანდომებთ თქვენც მისი სამყაროს ნაწილი იყოთ.

P.S. წიგნი ქართულად ნათარგმნია გამომცემლობა „მედუზას“ მიერ და შეგიძლიათ იპოვოთ „ლატერნას“თაროებზე

ავტორი: ნინო მეშველიანი