„მასები არასოდეს ჯანყდებიან თვითშეთანხმებით და არც, უბრალოდ თავისი დაჩაგრულობის მიზეზით. მათ ხომ არასოდეს ჰქონიათ უფლება, ჰქონოდათ საზომები შესადარებლად, და ისიც კი არ იციან, რომ დაჩაგრულები არიან."
რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ჯორჯ ორუელის ნაწარმოების - „1984“-ის წაკითხვისას ადამიანი აღმოაჩენს თუ რამდენად შეესაბამება წიგნის სიუჟეტი რეალურ სამყაროს. მკითხველის უმეტესობას უჩნდება განცდა, რომ ეს ყველაფერი მისთვის უკვე ნაცნობია, სადღაც უნახავთ, გაუგონიათ, უსწავლიათ ისტორიის გაკვეთილებზე სკოლაში, გადაუტანიათ რეალურ ცხოვრებაში და ა.შ. მიუხედავად ნაწარმოების მიერ მრავალი ასპექტის ჰიპერბოლიზებისა, ჩვენ ვხვდებით, რომ ის დღესაც აქტუალურია მრავალი ადამიანისთვის დედამიწის გარშემო.
„1984“ ჯორჯ ორუელის ბოლო, ბევრის აზრით, მის უმნიშვნელოვანეს ნაშრომს წარმოადგენს. ის მან 1949 წელს გამოაქვეყნა, რის შემდეგაც წიგნი არაერთხელ იყო აკრძალული რიგ ქვეყნებში. ყველაზე დიდი სიძულვილი კი გამოიწვია საბჭოთა კავშირში.
„1984“ ნაწარმოებია, რომელსაც მკითხველი, ჩემი აზრით, მოუმზადებელი უნდა შეხვდეს. ამიტომ ამ ბლოგში შევეცდები რაც შეიძლება ნაკლებად აღვწერო სიუჟეტი.
„1984“ დისტოპიური (ანტიუტოპიური) ნაწარმოებია, რომელიც წარმოადგენს უტოპიის, ანუ იდეალური სამყაროს საპირისპიროს. ის აღწერს დიქტატურასა და ადამიანების თავისუფლების არარსებობას. "დიდი ძმა", რომელიც წარმოადგენს წიგნის მთავარ ანტაგონისტს დაფუძნებულია მსოფლიო ისტორიის დიქტატორებზე, ძირითადად ჰიტლერსა და სტალინზე. დიდი ძმა ზუსტადაც რომ ნაკრებია იმ თვისებების, რომლებიც ახასიათბს ყველა დიქტატორს, მიუხედავად ამისა წიგნში არაერთხელ არის გასმული ხაზი იმაზე, რომ დიდი ძმა, წიგნის საზოგადოების მთავარი პრობლემა და მტერი, არ არის მხოლოდ ერთი ადამიანი, ეს სისტემაა, რომელიც ადამიანს ართმევს უფლებას იყოს თავისუფალი, ჰქონდეს საკუთარი აზრი და გამოეყოს ბრბოს. ნაწარმოების მთავარ მამოძრავებელ ძალად გვევლინება, როგორც ეს ხშირად ხდება დისტოპიების უმეტესობაში, მთავარი გმირი, რომელიც უეცრად "გამოიღვიძებს" და იწყებს სისტემის უარყოფითი მხარეების დანახვას. ზუსტად ეს ტაქტიკა გამოყენებული ჰქონდათ რეი ბრედბერის თავის ნაწარმოებში - "451 ფარენჰაიტით", კურტ უიმერს თავის 2002 წლის ფილმში - "ეკვილიბრიუმი" და ა.შ.
პარტიის სამი ლოზუნგი:
- ომი მშვიდობაა
- თავისუფლება მონობაა
- უცოდინრობა ძალაა
„1984“-ში ნათლად არის წარმოჩენილი თუ როგორი მარტივი შეიძლება იყოს საზოგადოების მანიპულირება, რა გავლენას ახდენს სოციუმი თითოეული ადამიანის ქცევაზე მისი შეხედულებების მიუხედავად და თუ რა რთულია იმ სისტემის წინააღმდეგ წასვლა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იმორჩილებდა ადამიანთა უმეტეს ნაწილს. მნიშვნელოვანი როლი ავტორს აქვს მინიჭებული ასევე სიყვარულისთვის. წამოჭრილია თემა, შეძლებს თუ არა ძლიერი გრძნობა დაეხმაროს ადამიანს თავის ბრძოლაში, თუ ეს მხოლოდ ხელს შეუშლის მას? იქნება თუ არა ის საკმარისი პიროვნების საღი აზრის შენარჩუნებისთვის?
შეხედულებების მიუხედავად და თუ რა რთულია იმ სისტემის წინააღმდეგ წასვლა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იმორჩილებდა ადამიანთა უმეტეს ნაწილს. მნიშვნელოვანი როლი ავტორს აქვს მინიჭებული ასევე სიყვარულისთვის. წამოჭრილია თემა, შეძლებს თუ არა ძლიერი გრძნობა დაეხმაროს ადამიანს თავის ბრძოლაში, თუ ეს მხოლოდ ხელს შეუშლის მას? იქნება თუ არა ის საკმარისი პიროვნების საღი აზრის შენარჩუნებისთვის?
წიგნის კიდევ ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, ყველა დიქტატორული რეჟიმისათვის დამახასიათებელი, ცენზურა.
"ყოველი შემოკლება წარმატებაა, რაც ნაკლები სიტყვები გაქვს ასარჩევი, მით ნაკლებად ფიქრობ"
რაც მეტ ინფორმაციასთან აქვს ადამიანს წვდომა, მით მეტი ფიქრის საშუალება აქვს. რაც მეტს ფიქრობს, მით უფრო დაკვირვებით აღიქვამს გარე სამყაროს. ის ამ სამყაროში ამჩნევს პრობლემებს. მათი გადაწყვეტის შეუძლებლობა იწვევს ბრაზისა და პროტესტის განცდას, რომელიც უბიძგებს ადამიანს დაუპირისპირდეს პრობლემის გამომწვევ ერთეულს, ამ შემთხვევაში დიქტატორულ რეჟიმს. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცენზურას, რომლის მეშვეობითაც საზოგადოებას მიეწოდება მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც ხელსაყრელია რეჟიმისათვის.
დასკვნის სახით მინდა შევაჯამო, თუ რატომ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი „1984“-ის წაკითხვა. ის, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, მიუხედავად მისი სამყაროს არარეალურობისა, შესანიშნავად აღწერს, თუ როგორ შეუძლია სისტემას ადამიანის დამონება, მისი გონების ხმის ჩახშობა, მანიპულირება და ყოველგვარი დაუმორჩილებლობის ძირეულად აღმოფხვრა. ჩემი ერთადერთი რჩევა მკითხველისთვის კი იქნება ის, რომ აუცილებლად გაეცნონ წიგნს მთლიანად. მის თითოეულ გვერდს, ბოლო ფურცლის ჩათვლით აქვს თავისი ფუნქცია, რომელთა გამოტოვებამ ან უყურადღებოდ წაკითხვამ შესაძლოა შეაფერხოს წიგნის მთავარი თემის აღქმა. ეს არის წიგნი, რომლის წაკითხვის შემდეგ მრავალ ადამიანს შეიძლება დაეუფლოს სიბრაზის, სევდისა თუ უსუსურების განცდა, მაგრამ სწორედ ეს განცდები და ნაწარმოების მიერ გამოწვეული ფიქრები ხდის „1984“-ს ღირებულ ნაშრომად.