ანოტაცია: ბექა ახალაიას რომანი „გველები მაზუთის გუბეებში“ ოთხი ნაწილისგან შედგება. თითოეულ ნაწილს საკუთარი მთავარი გმირი ჰყავს და ყველა მათგანი ნაწარმოების სხვა ნაწილში მეორეხარისხოვანი პერსონაჟის სახით გვხვდება. ეს ხერხი, ერთი მხრივ, შინაარსობრივად კრავს რომანს, მეორე მხრივ კი, პერსონაჟების სხვა კუთხით დანახვის შესაძლებლობას გვაძლევს და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, როგორი მნიშვნელოვანია ამბის აღსაქმელად ხედვის კუთხის ცვლილება.