ანოტაცია: ბრეხტის სახელი რამდენადაც მჭიდროდ დაუკავშირდა გვიანსაბჭოთა ქართული თეატრის რამდენიმე ლეგენდარულ დადგმას, იმდენადვე მისი არანაკლებ მნიშვნელოვანი და უსაშველო მოცულობის პოეტური შემოქმედება შემოიფარგლა თითო-ოროლა ლექსის გადმოთარგმნით. შესაძლოა, ცივი წყლის გადასხმასავით გამომაფხიზლებელი იყოს წინამდებარე კრებულისთვის შერჩეული ლექსები, რადგან ისინი დაშორებულია რიტმისა და რითმის კლასიკურ სტანდარტებს და ერთგვარი უსამკაულობა და, საერთოდაც, არალირიკულობა ახასიათებთ.