ანოტაცია: „აუსტერლიცი“ ვინფრიდ გეორგ ზებალდის ბოლო რომანია, რომელიც 2001 წელს, მწერლის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გამოიცა. 1967 წელს, ანტვერპენის ცენტრალურ სარკინიგზო სადგურში, მთხრობელი ხვდება ჟაკ აუსტერლიცს, ხელოვნების ისტორიკოსს, რომლის ცხოვრების ამბავსაც ნელ-ნელა ვიგებთ. ოთხი წლის აუსტერლიცი ნაცისტებს გამოარიდეს და, სხვა ებრაელ ბავშვებთან ერთად, ჩეხოსლოვაკიიდან დიდ ბრიტანეთში ჩაიყვანეს, სადაც ის უელსელი მღვდლის ოჯახში აღიზარდა. წლების შემდეგ აუსტერლიცი მთელ ევროპაში ეძებს დაკარგულ წარსულს.